ქალთა ემანსიპაცია
(ლათ. emancipatio - განთავისუფლება, გათანაბრება) - ეს ტერმინი XIX საუკუნეში გაჩნდა. იგი აღნიშნავდა ქალთა მოძრაობას დისკრიმინაციის წინააღმდეგ, ქალთა უფლებების პრობლემატიზაციას, საზოგადოების გააქტიურებას გენდერული უთანასწორობის დასაძლევად. ქალთა ემანსიპაციის თეორიული საფუძვლების შექმნას თავისი ისტორია აქვს: 1504 წელს იტალიელმა კრისტინა დე პიზანმა გამოაქვეყნა ნაშრომი ,,წიგნი ქალთა ქალაქზე“, სადაც იგი ამტკიცებდა, რომ ქალებს განათლების უფლება აქვთ. 1790 წელს ფრანგმა ფილოსოფოსმა კონდორსემ გამოაქვეყნა სტატია ,,ქალთათვის სამოქალაქო უფლებების მინიჭების შესახებ“. 1848 წელს ქალთა უფლებების დაცვის I კონფერენცია ჩატარდა ნიუ-იორკის მახლობლად არსებულ სოფელ სენაკა ფოლსში. დელეგატებმა ხელი მოაწერეს ,,პოზიციებისა და რეზოლუციების დეკლარაციას“, რომელიც ქალთა მოძრაობის საფუძველი გახდა. სხვათა შორის, ამ დეკლარაციის ზოგიერთი პუნქტი გაეროს 1948 წლის ადამიანის უფლებათა დეკლარაციაშია გამოყენებული. 1869 წელს აშშ-ში შეიქმნა პირველი ქალთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც ქალთათვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მინიჭებას მოითხოვდა. სუფრაჟისტები ყოველგვარი ხერხით ცდილობდნენ საზოგადოების ყურადღება მიეპყროთ. 1913 წელს პირველად აშშ-ში შეიქმნა ქალთა პარტია. 1910 წელს კლარა ცეტკინი ქალ-სოციალისტთა II კონფერენციაზე ქალთა დღის აღნიშვნის ინიციატივით გამოვიდა. 1963 წელს კი ბეტი ფრიდმანმა გამოაქვეყნა წიგნი ,,ქალურობის საიდუმლო“, რომელიც თანამედროვე ქალთა მოძრაობისა და ქალთა ემანსიპაციის ერთგვარ სახელმძღვანელოდ გადაიქცა. დღეისათვის ქალთა ემანსიპაცია პატრიარქატის მრავალსაუკუნოვანი ბატონობის ლოგიკურ შედეგად მოიაზრება. ქალთა ჩართვა ,,მამაკაცურ“ საზოგადოებრივ სფეროებში სოციალური შეკვეთით განპირობებული მოთხოვნაა, როგორც ქალთა უფლებების რეალიზების აუცილებლობა პირად თუ საზოგადოებრივ სფეროებში.
No comments:
Post a Comment